უკრაინა და შეერთებული შტატები იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯს დადებითი გლობალური შედეგები ექნება. უკრაინის პრეზიდენტმა შტატებში ვიზიტი დაასრულა. მან მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში, შეხვდა ამერიკის პრეზიდენტსა და კონგრესმენებს. შტატებში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ ამერიკა უკრაინას $325 მილიონი ამერიკული დოლარით დაეხმარება. დახმარების ახალი პაკეტი რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს, ტყვიამფრქვევებს, ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს მოიცავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მუდმივი მშვიდობისთვის იბრძოლოს.