ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
„გავრცელდა ცნობები ყირიმში, კრასნოდარის ოლქსა და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე, საჰაერო ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებზე მომხდარი აფეთქებების შესახებ.
დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ მძიმე დარტყმის სამიზნე გახდა. თუმცა, მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროდრომზე აფეთქებები, სავარაუდოდ, ყველაზე სტრატეგიული პრობლემა იქნება რუსეთის ლიდერებისთვის. ეს არის სენსიტიური ადგილი, რადგან იქ განლაგებულია სპეციალიზებულ სამხედრო თვითმფრინავები, ასევე რუსეთის ლიდერების „ვი-აი-პი" ტრანსპორტი", - აცხადებენ უწყებაში.
მათი განმარტებით, განსაკუთრებით აქტუალურია ინფორმაცია COOT-ის (ილ-20) სპეციალური მისიის თვითმფრინავის დაზიანების შესახებ.
„ზუსტი ვარიანტი გაურკვეველია, მაგრამ ეს ღირებული აქტივები ახორციელებენ მისიებს, რომლებიც მოიცავს ელექტრონულ დაზვერვის მონაცემების შეგროვებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით არაერთი დარტყმა განახორციელა.
„ეს უჩვეულო ინტენსივობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ არის პასუხი რუსეთსა და ყირიმში მომხდარ ინციდენტებზე. სახმელეთო ბრძოლა შედარებით სტატიკურია, თითოეული მხარე უპირატესობას ეძებს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ სიღრმეზე დარტყმით", - აღნიშნულია ანგარიშში.