უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის, გიტანას ნაუსედასა და ანჯეი დუდას შორის ნიუ-იორკში შეხვედრა გაიმართა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს, ასევე ისაუბრეს ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრეს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნისთვის მისაღებ გამოსავალზე იმუშავებენ და კომპრომისს მოძებნიან. გიტანას ნაუსედამ შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. პრეზიდენტის თქმით, საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონის და კონტინენტის უსაფრთხოებაზე.