რაგბის მსოფლიო თასის მესამე ტური იტალიისა და ურუგვაის შეხვედრით გაგრძელდა, რომელიც იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა – 38:17.
პირველ ტაიმში ურუგვაის ნაკრებმა იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ანგრიში მე-7 წუთზე ევროპელებმა პანის მიერ დადებული ლელოთი და ალანის გარდასახვით გახსნეს. ტაიმის შუაში იტალიელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – ურუგვაელთა შეტევა საჯარიმო ლელოთი დასრულდა, ამას ისიც დაემატა, რომ იტალიელები მოედანზე 13 მოთამაშით დარჩნენ (მსაჯმა მათი ორი მორაგბე სინბინში გაუშვა).
ურუგვაიმ კაცნაკლულ იტალიას ერთი გარდასახული ლელო დაუდო, არეკნიც გაიტანა და ტაიმი 17:7 მოიგო. სამხრეთამერიკელებს უფრო დიდი უპირატესობის მოპოვებაც შეეძლოთ, მათ დამრტყმელს, ფელიპე ეჩევერის, ორი ჯარიმა რომ არ აეცილებინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში რიცხვობრივი უპირატესობა იტალიამ მოიპოვა და კარგადაც ისარგებლა – იტალიელებმა დაახლოებით ათწუთიან მონაკვეთში სამი ლელო დადეს და ბონუსქულაც მოიპოვეს, საბოლოოდ კი მეტოქე 38:17 დაამარცხეს.
მსოფლიო თასზე 21 სექტემბერსაც ერთი თამაში გაიმართება – საფრანგეთის ნაკრები ნამიბიას დაუპირისპირდება, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM102.3) შემოგთავაზებთ.