ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეროვნული ბანკის "საგამონაკლისო სიიდან" გამოირიცხება. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში თურნავამ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე კვლავ სანქცირებული დარჩება. თურნავას თქმით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესით, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა. შესაბამისად, წესი არ გავრცელდება ფარცხალაძეზე, თუკი მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.