საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა. მომიტინგეები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, სანქცირებულ ყოფილ გენპროკურორს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. ოპოზიციონერები და აქციის მონაწილეები ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვდნენ და ამავდროულად აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საბანკო სისტემას და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. მათი თქმით, საპროტესტო აქციები კიდევ გაგრძელდება. ორგანიზატორებმა დააანონსეს, რომ შემდეგი აქცია 22 სექტემბერს, დილით გაიმართება, რადგან სწორედ ამ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მისვლას აპირებს.