ამდენი წელია მინისტრი ვარ და ოპოზიციის ნაწილში ასეთი უინტერესო “მინისტრის საათი“ არ მქონია - ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ კრიზისი, - ეს განცხადება პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატის დასკვით ნაწილში კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
წულუკიანმა ოპოზიციის მისამართით აღნიშნა ისიც, რომ “ოპოზიციური პარტიები ლუზერობითა და უზრდელობით ვერსად გაფრინდებიან“.
“დღეს, სხდომათა დარბაზში დესტრუქციული ოპოზიციისგან შემდეგი სურათი ვიხილეთ - დესტრუქციულ ოპოზიციას დარბაზში არ ყავდა კაცები, ჰყავდათ ოთხი ნერვებაშლილი ქალი და არმაზ ახვლედიანი. ეს არის მათი დიაგნოზი! მათ ომს ვერ მიაღწიეს. ახლა როგორც ჩანს, ძალიან სახიფათო ფაზაში შევდივართ - როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ხალხმა აირჩია, უარს ამბობს დარბაზში იჯდეს და სტრატეგიად იმ უზრდელობას ირჩევს, რომელიც ჩვენ აქ ქალების მხრიდან ვნახეთ, ირჩევს ჩხუბს, მუშტი-კრივს, მუქარასა და სხვა ამგვარ ქცევებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაკი ომს ვერ მიაღწიეს, ცდილობენ, რომ ქვეყანაში პროვოკაციები და დესტაბილიზაცია მოაწყონ.
რა თქმა უნდა, ჩვენ, აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში შევეცდებით, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ - დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით, ყველა იმ სამართალდამცველით გაგრძელებული, ვისაც სახელმწიფოში სტაბილურობის უზრუნველყოფა ევალება. ჩვენი სამინისტრო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.