ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს - ახლა სწორედ დროა, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესზე ისაუბრა, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასა და უკრაინასთან ურთიერთობაზე..
„რა თქმა უნდა, ხალხი უნდა იყოს პროტესტში მუდმივად სხვადასხვა ადგილას, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ჩვენ ქუჩაში. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ქუჩები და ეს კერძო დაწესებულებები, ეს ყველაფერი ერთ ადამიანს ეკუთვნის და მის პატრონებს რუსეთში? ის ეკუთვნის ქართველ ხალხს.
მინდა ვთქვა, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას და თუ იქნება კომისიის უარყოფითი დასკვნა, თქვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ჩატარდეს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში. ამას წყალი არ გაუვა, ჩვენ არც ერთი დასაკარგი დრო არ გვაქვს. ახლა არ არის ასეთი ამბიციების დრო. „ეს ოპოზიციური ჯგუფი“, „ის ოპოზიციური ჯგუფი“, „ეს პარტია, ის პარტია“ - ყველანი ერთად! ევროპულობის ნიშანია პროტესტი.
დღეს მკლავენ მარტივი მიზეზის გამო - მსჯიან და მკლავენ იმიტომ,რომ წარმატებული საგარეო [პოლიტიკის] პრეცედენტი შევქმენი. მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ უკრაინაში წავედი, ვეხმარები და ძალიან დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში. მსჯიან იმიტომ, რომ პუტინს ოდესა ხელიდან გავაგდებინეთ 2015 წელს.... მსჯიან იმისთვის, რომ ჩაბნელებული საქართველო გავანათე, ქურდობა მოვსპე, მსჯიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუხსენი გზა, კორუფცია მოვსპე განათლების სისტემაში, მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი. არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი. ამიტომ, ჩემი დასჯა ეს არის საქართველოს სირცხვილი...“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი პატიმრობა პუტინის პირადი შურისძიებაა, რადგანაც „მას წარმატებული ქართველები არ უყვარს“.
მისი თქმით, მიდის „ტვინის რეცხვა“ და იმის ნაცვლად, რომ წარმატებული 9 წელიწადი იყოს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათ შორის „ახალგაზრდობას თავში ჩაუდეს, რომ "ეს იყო სისხლიანი 9 წელი“. მიხეილ სააკაშვილის, თქმით, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.
„ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ თითოეულ პროცესში, ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა იყოს ჩვენ ხელში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, დამპყრობელთან უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში და ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი. ესენი აგენტების წინააღმდეგები არ არიან, ესენი აგენტების [გამტარებლები] არიან, აგენტურამ ფეხი ყველგან გაიდგა, მათ შორის ჩემი მოწამვლაც „ეფესბეს“ დაგეგმილი იყო... ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ამ მანკიერ წესს. მე ვგრძნობ ქართველი ხალხის სიყვარულს, მხარდაჭერას, მაგრამ რაც მთავარია, მე ვგრძნობ ქართველი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას. ქართველი ხალხის სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება.
ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ახლა დროა სწორედ დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ... რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, ჩემი უკრაინის გამარჯვებაში. მე ვარ უკრაინის ამაყი მოქალაქე“, - განაცხადა სააკაშვილმა.