სომხეთის მინისტრთა კაბინეტის შენობასთან და ერევანში, რუსეთის საელჩოსთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციებზე 16 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სომხეთის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თერთმეტი ადამიანი დააკავეს სომხეთის მთავრობის შენობასთან, კიდევ ხუთი კი ერევანში, რუსეთის საელჩოსთან“, - აცხადებენ სომხეთის პოლიციაში.
შეგახსენებთ, სამშაბათს, ყარაბაღში შექმნილი ვითარების ფონზე, სომხეთის მთავრობის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები შენობაში შეჭრას და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების შეკავება მოახერხეს. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, მათგან 16 პოლიციელი და 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, დემონსტრანტების ნაწილმა ერევანში რუსეთის საელჩოს შენობის ბლოკირება განახორციელა, რის გამოც, დიპლომატებმა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნეს და მისიის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის უზრუნველყოფა მოითხოვეს.