სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა. ე.წ. სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციური ინვესტორების შესარჩევად განაცხადების მიღება 4 სექტემბერს დაიწყო, 15 სექტემბერს კი დაასრულა. ინვესტორის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსეთ-აფხაზური ერთობლივი კომისია მიიღებს. მედიის ცნობით, სოხუმის აეროპორტს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიების ჯგუფი, „საბაზისო ელემენტი“ აღადგენს. ასევე, ინტერესს იჩენს კომპანია,„რეგიონების აეროპორტები,“ რომლის 90%-ს „რენოვას“ ყოფილი ტოპმენეჯერი, ვლადიმერ რეზერი ფლობს. „ვედომოსტის“ წყაროს ცნობით, „მიმზიდველი პირობების შემთხვევაში“ კონკურსში შესაძლოა, მილიარდერ რომან ტროცენკოს კომპანია „ნოვაპორტმაც“ მიიღოს მონაწილეობა.წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მლრდ რუბლს ანუ დაახლოებით 67 მლნ დოლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3.6 კმ-იანი ასაფრენი ბილიკიდან 2.4 კმ-ის რეკონსტრუქცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მიიღოს რუსული SSJ-100-ისა და MS-21-ის მოდელის სამგზავრო, ასევე, IL-76-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავები.
რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო პროგნოზირებს, რომ რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე ტრაფიკის წლიური მოცულობა დაახლოებით 376 ათას მგზავრს მიაღწევს. აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი წელიწადში მილიონი მგზავრის მიღწევის შემდეგ დაიწყება. მთლიანობაში სამინისტრო მოელის, რომ განახლებული აეროპორტის ტრაფიკის ჯამური მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი მგზავრი იქნება. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს დროს აცხადებდა, რომ სოხუმის აეროპორტი სატრანზიტო იქნება, თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები გამოიყენებენ ამ ტრანზიტს