საქასტატმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 მლრდ დოლარს აჭარბებ და გაზრდილია 14.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია, რაც 17.8 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. შესაბამისად, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამ პერიოდში 5 მილიარდ 846 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია. იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში შედიან აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი, სწორედ ამ თანმიმდევრობით. რაც შეეხება უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებს. სამეული ასე გამოიყურება: თურქეთი, რუსეთი და აშშ. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები. სხვათა შორის მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში ლიდერია, მეორე ადგილზე არ გაგიკვირდებათ და ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, ხოლო მესამეზე წამლები.