ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს ხუთმა ქართველმა იჭიდავა. ედემი ბოლქვაძემ და ავთანდილ კენჭაძემ მედლის მოპოვების შანსები დაკარგეს, გივი მაჭარაშვილი კი დღეს ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
65 კგ წონაში ედემი ბოლქვაძემ 1/16-ფინალში გუამელი ეთან აგუიგუი დაამარცხა, თუმცა მომდევნო ტურში მოლდოველ მაქსიმ საკულტანთან წააგო. 74 კგ წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაურბეკ სიდაკოვთან დამარცხდა ავთანდილ კენჭაძე, რომელმაც რეპეშაჟში გადაინაცვლა. ავთანდილმა რეპეშაჟში უზბეკი ბეკზოდ აბდურახმონოვი დაამარცხა, თუმცა ირანელ იონეს ემამიჩოღაეისთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
97 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე მივიდა გივი მაჭარაშვილი. ქართველმა სპორტსმენმა პირველ წრეში ჩრდილომაკედონიელი მაგომედგაჯი ნუროვი დაამარცხა, რომელსაც 1/8-ფინალში ბულგარელი ახმედ ბატაევი მიაყოლა. 1/4-ფინალში მაჭარაშვილმა ყაზახ ალიშერ იერგალის აჯობა, თუმცა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
92 კგ წონაში ბრინჯაოს მედლისათვის მირიან მაისურაძე თურქ ფეიზულა აკთურქს დაუპირისპირდა, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ. ქართველს მედლის აღებას რამდენიმე წამი აშორებდა, თუმცა მატჩის ბოლოს თურქმა ორქულიანი ილეთი შეასრულა და გამარჯვებაც მას დარჩა.
79 კგ წონით კატეგორიის ფინალში ვლადიმერ გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონობის მოსაპოვებლად ახმედ უსმანოვს შეხვდა. სამწუხაროდ, ქართველმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ვერცხლის მედალს დაჯერდა.