პრინცესა დაიანას ჯემპრი ნიუ-იორკის მოდის კვირეულისას Sotheby-ის აუქციონზე $1,1 მილიონად გაიყიდა. აუქციონზე ჯემპრის ფასი $190,000-ით დაიწყო და 15 წუთიანი ვაჭრობის შემდეგ $1,1 მილიონამდე ავიდა.
ჯემპრი აუქციონზე პრინცესა დაიანას ნივთებიდან ყველაზე ძვირად გაიყიდა. აქამდე დაიანას ტანსაცმელს შორის ყველაზე ძვირად გაყიდულ ნივთად $604,800-ად გაყიდული კაბა ითვლებოდა, რომელიც დაიანას 1989 წელს ეცვა.
19 წლის დაიანას ჯემპრი პრინც ჩარლზის მატჩზე დასწრებისას, 1981 წლის ივნისში ეცვა, სამეფო ქორწილამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე. პრინცესამ ნივთი პირველი ჩაცმისას დააზიანა, რის გამოც ბრენდ Warm & Wonderful-ს უკან დაუბრუნეს და მის ნაცვლად დიზაინერებმა დაიანას ამ მოდელის სხვა ვერსია შეუკერეს.
დაზიანებული ნივთი დავიწყებას მიეცა მანამ, სანამ 40 წლის შემდეგ ბრენდის დიზაინერმა, ოსბორნმა ის საცავში შემთხვევით არ აღმოაჩინა.
"თებერვალში სხვენში ვიყავი, როდესაც კუთხეში ძველი ღვინის ყუთი შევნიშნე — იქ ბამბაში გახვეული წითელი ჯემპი დამხვდა" — განუცხადა ოსბორნმა ექსკლუზიურად PEOPLE-ს.
ბრენდის დიზაინერების თქმით, ჯემპრის არსებობა არც ახსოვდათ. ოსბორნმა ისიც დაამატა, რომ ნივთის ავთენტურობაში დასარწმუნებლად, დაიანას ძველ ფოტოებს გადახედეს და ყველა დეტალი შეადარეს. მათი თქმით, თითოეული მოდელი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამიტომ მალევე მიხვდნენ, რომ ჯემპრის ორიგინალი იპოვეს.