მთავრობა პარლამენტს კანონის მიღებას სთავაზობს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე მათი განკარგვის სამართლებრივ რეგულირებას ითვალისწინებს.
“საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონის პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ ნახევარკუნძულებსა და კუნძულებს, რომელთაც არა აქვთ კუნძულისა და ნახევარკუნძულის სტატუსი, თავისი ტერიტორიული ზღვა, მათი არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე. კანონით ასევე განისაზღვრება, რომ შესაძლებელია ამგვარი ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის განკარგვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეგულირდება ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულების ექსპლუატაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც მთავრობა განმარტავს, კანონპროექტის მიღების შედეგად, ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის განკარგვის შესაძლებლობის გაჩენა, ხელს შეუწყობს ხელოვნურ კუნძულსა და ნახევარკუნძულზე ინვესტიციების განხორციელებას, როგორც ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვას.
“შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდს“ აღნაგობის უფლებით გადაეცა, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ არსებული, 891 258 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 551 965 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
მთავრობის განკარგულებითა და 2021 წლის 30 სექტემბერს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანიის მხრიდან, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განკარგულ ქონებაზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა (12 ჰა და 15 ჰა) და ერთი ხელოვნური კუნძულის (5 ჰა) შექმნას და მათ ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) ჯამურად არანაკლებ 500-ნომრიან სასტუმრო(ებ)ს, სავაჭრო ცენტრ(ებ)ს, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს, ზღვისპირა ბულვარს, საზოგადოებრივ პლაჟ(ებ)ს, აკვაპარკ(ებ)ს, იახტკლუბს, საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ს.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, კომპანიამ უნდა განახორციელოს არანაკლებ 100 000 000 (ასი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
“საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტი 18 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.