ქარიშხალ „დანიელის“ გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად განადგურებულ ლიბიის ქალაქ დერნაში მაშველები ცხედრებისთვის სპეციალურ ტომრებს ითხოვენ. აღმოსავლეთ ლიბიის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ზღვიდან მუდმივად ირიყება ათობით ცხედარი და ბევრი მათგანი იდენტიფიცირებისთვის უკვე გადასვენებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ცხედრების დაკრძალვის აუცილებლობის გამო ასობით ადამიანი ერთ საფლავში დაკრძალეს. დერნას მერი აცხადებს, რომ ქალაქში დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს. ძლიერმა წყალდიდობამ ქვეყანაში კაშხლები, შენობები და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი მთლიანად გაანადგურა. სტიქიის გამო ქალაქი კატასტროფის ზონად გამოცხადდა.