2024 წლიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. საფასური ისტორიული ნაწილისა და ვენეციის ლაგუნის პატარა კუნძულებისკენ ტურისტული ნაკადის მართვისთვის დაწესდა. ხელისუფლების მიზანია, ქალაქის დელიკატურობისა და უნიკალურობის გათვალისწინებით, ტურისტების დღიური რაოდენობა წლის გარკვეულ პერიოდებში შეზღუდოს. გადახდის სატესტო რეჟიმი 2024 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება და, დაახლოებით, 30 დღე გაგრძელდება. საწყის ეტაპზე ვენეციაში შესვლის საფასური 5 ევრო იქნება. გადასახადი, ხელისუფლების მიერ განსაზღვრული საშეღავათო კატეგორიების გარდა, დაეკისრება 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირს, რომელიც ვენეციის მუნიციპალიტეტის უძველეს ქალაქს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ამასთან, უახლოეს მომავალში ვენეციის ხელისუფლება პორტალის ჩაშვებას გეგმავს, რომელზეც როგორც ქალაქის მცხოვრებლებს, ასევე, ტურისტებს ვენეციაში ჩასვლამდე დარეგისტრირება მოუწევთ. თავდაპირველად სისტემა მიმდინარე წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ხელისუფლება მაშინ დეტალებზე ვერ შეთანხმდა და მისი დანერგვა გადადო. ამასთან, იტალიის ხელისუფლებამ 2021 წლის აგვისტოდან საკრუიზო გემებს ვენეციის ცენტრში შესვლა აუკრძალა, რამაც ქალაქში ერთდღიანი ტურისტების რაოდენობა შეამცირა და ეკოლოგიური მდგომარეობაც გააუმჯობესა.