უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ძალებმა წუხელ ევპატორიასთან უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი" გაანადგურეს, რომლის ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მედიის ცნობით, სამიზნის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები და "ნეპტუნის" რაკეტები გამოიყენეს.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დროებით ოკუპირებულ ევპატორიასთან ბევრი რუსული სამხედრო ობიექტია თავმოყრილი, "რომლებიც უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა".
შეგახსენებთ, დღეს დილით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ევპატორიაში აფეთქებების ხმები ისმოდა.