ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერნესტ ჰემინგუეი, რომელმაც 1953 წელს მოთხრობისთვის ‘’მოხუცი და ზღვა’’ მიიღო პულიცერის პრემია, ერთი წლის შემდეგ კი, ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ლიტერატურის დარგში, საოცრად რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო საინტერესო და მეტად მრავალფეროვანი ცხოვრებით, რაც მის ნაწარმოებებშიც ბრწყინვალედ აისახა.
ჰემინგუეის რომანების კითხვისას ყოველთვის რთულია რეალურის ავტორის გამონაგონისგან გარჩევა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ლიტერატურათმცოდნეების მტკიცებით, მწერალი ყოველთვის რეალურ ისტორიებს ჰყვებოდა, თუმცა აუცილებლად დეტალების შელამაზებით.
ერნესტ მილერ ჰემინგუეი 1899 წლის 21 ივლისს დაიბადა ჩიკაგოს პრივილეგირებულ გარეუბანში ოკ-პარკში. მისი მამა - კლარენს ედმონტ ჰემინგუეი ექიმი, დედა - გრეის ჰოლი კი, ოპერის მომღერალი იყო. ერნესტის მშობლებმა, რომელთაც ბრწყინვალე განათლება მიიღეს, ყოველთვის პატივისცემითა და კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ ოკ-პარკის კონსერვატორულ საზოგადოებაში.
ქორწინების შემდეგ ახალგაზრდა წყვილი გრეისის მამის - ერნესტ მილერ ჰოლის სახლში დაბინავდა. სწორედ ბაბუის პატივსაცემად შეიძინა მომავალმა მწერალმა სახელი, რომელიც თვითონ არასდროს მოსწონდა, რადგან მხოლოდ ოსკარ უაილდის პიესის ‘’რა მნიშვნელოვანია სერიოზულობა’’ ბრიყვ და აუტანელ პერსონაჟთან ასოცირდებოდა.
პატარა ერნესტს, რომელიც პირველი შვილი იყო მშობლებისთვის, დედა ყოველთვის გოგონასავით ექცეოდა, მაქმანიან კაბებს აცმევდა და dolly-ს ანუ ‘’თოჯინას’’ ეძახდა, თმა კი, პირველად 6 წლის ასაკში შეჭრა. ბიოგრაფების მტკიცებით, სწორედ დედის უჩვეულო დამოკიდებულებამ განსაზღვრა ჰემინგუეის ცხოვრება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თმის გვიან შეჭრის ეპიზოდი მწერალმა მრავალგზის გამოიყენა საკუთარ ნამუშევრებში, ცნობილი რომანის ‘’სამოთხის ბაღის’’ ჩათვლით.
მართალია, მოგვიანებით ჰემინგუეიმ დედის სიძულვილიც საჯაროდ აღიარა, მაგრამ მისი დისშვილის, ცნობილის მწერლის ჯონ სენფორდის განცხადებით, საზარელი გამონათქვამები, რომლითაც ჰემინგუეიმ დედა მოიხსენია, სინამდვილეში მხოლოდ მის მიმართ უზარმაზარ სიყვარულს, პატივისცემასა და მოწიწებას მალავდა.
მგრძნობიარე და ზედმეტად ემოციური გრეისისგან განსხვავებით კლარენსი, რომელიც ყოველთვის დიდად ამაყობდა კოლონისტი წინაპრების შთამომავლობით, მკაცრი და უხეში კაცი იყო. რელიგიური დოგმების გათვალისწინებით უფროსი ჰემინგუეი ოჯახის წევრებს ცეკვას, სიმღერას და აზარტულ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავდა, იშვითი სიმკაცრით, მანიაკალური დისციპლინით ზრდიდა შვილებს და ფიზიკურ სასჯელსაც ხშირად მიმართავდა. სხვათა შორის, ხისტი და პირქუში პერსონაჟი, რომელიც მამის პროტოტიპად იქცა, ჰემინგუეის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარში ‘’ექიმი და მისი ცოლი’’ გამოჩნდა, მეუღლეებს შორის დიალოგს კი, მისი მშობლების რეალური საუბრები დაედო საფუძვლად.
მოზარდი ერნესტი მამას ხშირად მიჰყავდა მიჩიგანში, სადაც ოჯახს საკუთარი კოტეჯი ‘’უინდემირი’’ ჰქონდა. სწორედ ჩრდილოეთ მიჩიგანში შეიყვარა ჰემინგუეიმ მკაცრი, ველური ბუნება და ხიფათით, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, როცა 4 წლისამ ჯერ ნადირობა და თევზაობა, მერე მიყრუებულ, ცივილიზაციას მოწყვეტილ ტყეებსა და ტბებზე თავშესაფრების შენება ისწავლა.
12 წლის ერნესტს ბაბუამ პირველი იარაღი - 20-კალიბრიანი თოფი უსახსოვრა. საჩუქარმა ბაბუასა და შვილიშვილის მეგობრობა განამტკიცა, ერნესტს ყოველთვის მოსწონდა მოხუცის ისტორიების მოსმენა, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ნაწარმოებებში გამოიყენა.
სწორედ ნადირობა იქცა ჰემინგუეის მთავარ გატაცებად, როცა მამამ მსხვერპლს ჩასაფრება და თოფიდან სროლა ასწავლა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი მოთხრობა ნიკ ადამსზე, რომელიც მის alter ego-დ იქცა, ჰემინგუიემ სწორედ ნადირობას და მამას მიუძღვნა, რადგან კლარენსმა, როგორც პიროვნებამ, მისმა ცხოვრებამ და განსაკუთრებით დაღუპვამ, როცა სანადირო თოფიდან გასროლით მოიკლა თავი, უზარმაზარი გავლენა მოახდინა ერნესტზე.
1930-იანი წლების ბოლოს ჰემინგუეიმ ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს და ხანგრძლივი საფარი მოაწყო აღმოსავლეთ აფრიკაში. მწერალმა არა მხოლოდ სამი ლომი, თორმეტი ანტილოპა და ბიზონი მოინადირა, არამედ ავტობიოგრაფიული რომანი ‘’აფრიკის მწვანე ქედებიც’’ დაწერა.
საშუალო სკოლაში ერნესტი სპორტმა გაიტაცა და თითქმის ყველა დისციპლინაში მოსინჯა შესაძლებლობები, თუმცა ყველაზე მეტად მაინც კრივი მოეწონა, რომელმაც სწრაფად რეაგირების უნარი განუვითარა და უშიშრად, თამამად შეტევაზე გადასვლა ასწავლა.
განსაკუთრებული ინტერესით ესწრებოდა ჰემინგუეი ინგლისური ენის გაკვეთილებს, ინტერესით ეცნობოდა მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს და ენთუზიაზმით წერდა სტატიებს სკოლის გაზეთისთვის, ჟურნალში ‘’ტაბულა’’ კი, რინგ ლარდნერ-უმცროსის ფსევდონიმით და სპორტული მიმომხილველების მიბაძვით აქვეყნებდა მოკლე ჩანახატებს. ჰემინგუეის სადებიუტო მოთხრობად ‘’მანიტუს სასამართლო’’ იქცა ჩრდილოეთის ეგზოტიკითა და ინდიელთა ფოლკლორით, მეორე ნამუშევარი ‘’მთავარი კანის ფერია’’ კი, კრივის ტურნირებს, მის ბინძურ და კორუმპირებულ სამყაროს მიეძღვნა. ინტენსიურად მიმოიხილავდა ერნესტი ოკ-პარკის ყოველდღიურ ცხოვრებასაც, განსაკუთრებული პოპულარობით კი, მისი მახვილი შენიშვნები სარგებლობდნენ ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებზე.
სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩაბარების ნაცვლად ერნესტი კანზას-სითიში გაემგზავრა და ადგილობრივ გაზეთში The Kansas City Star-ში დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა რეპორტიორი, რომელმაც ქალაქის ყველაზე ხმაურიანი რაიონი ჩაიბარა თავისი საავადმყოფოთი, ვაგზლითა და პოლიციის განყოფილებით, ყოველთვის ცოცხალ და ამომწურავ რეპორტაჟებს აკეთებდა შემთხვევის ადგილიდან, რადგან თამამად, შიშის გარეშე ურთიერთობდა კრიმინალებთან, მეძავებსა და თაღლითებთან. ჰემინგუეი ინტერესით ეცნობოდა ჯურღმულების ცხოვრებას, იმახსოვრებდა ადგილობრივების ჟესტებს, საუბრის მანერას და ცდილობდა მათი მოქმედების მოტივის ამოხსნას. სწორედ კანზას-სითიში განავითარა ჰემინგუეიმ ლიტერატურული სტილი და მუდამ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნის ჩვეულება, უფროსი კოლეგებისგან კი, მოვლენების მაქსიმალური სიზუსტით აღწერა, ლაკონურად და გასაგებად წერა ისწავლა.
მართალია, ამერიკის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის შემდეგ ერნესტმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ დაზიანებული მარცხენა თვალის გამო დაწუნებულს სახლში ურჩიეს დარჩენა, თუმცა შეუპოვარმა ჰემინგუეიმ არ ისურვა უკან დახევა, წითელი ჯვრის მიწვევას გამოეხმაურა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად დაქირავებული, მოხალისედ გაემგზავრა იტალიაში. ერთი შეხედვით ნაკლებად სახიფათო მისიის მიუხედავად, ერნესტმა პირველ დღესვე გამოცადა საკუთარ თავზე ომის მთელი სისასტიკე, როცა ადგილობრივებთან ერთად მოუწია გერმანელების მიერ დაბომბილი ტერიტორიების - არტილერიის საწყობის, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების გაწმენდა. განსაკუთრებით მტკივნეული 18 წლის ჯარისკაცისთვის უდანაშაულოდ დაღუპული მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების დაკრძალვა აღმოჩნდა.
ბრძოლის ველზე ჰემინგუეი ყოველთვის იშვიათი თავგანწირვით გამოირჩეოდა, ეხმარებოდა ჯარისკაცებს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდა დაჭრილთა გადარჩენას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ განსაკუთრებული სიმამაცისთვის იტალიის ვერცხლის მედლით დაჯილდოებულმა 200-ზე მეტი ჭრილობა მიიღო და წლების მანძილზე მკურნალობდა ჰოსპიტალში.
აღსანიშნავია, რომ საოცრად იღბლიანმა და სიცოცხლისუნარიანმა მწერალმა უამრავი დაავადება გადაიტანა ცხოვრების მანძილზე, რადგან ორ ავიაკატასტროფას, თავის და ხერხემლის ტრავმას გადარჩენილი, ჯერ დიაბეტით, ჰიპერტონიით და ციმბირული წყლულით, მერე პნევმონიით და ჰეპატიტით იტანჯებოდა, თუმცა საბოლოოდ სიცოცხლე მაინც თვითმკვლელობით დაასრულა.
აქტიურად მონაწილეობდა ჰემინგუეი ესპანეთის სამოქალაქო ომშიც რესპუბლიკელების მხარეს, რომლებიც სამი წლის მანძილზე იბრძოდნენ დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს წინააღმდეგ. მადრიდში ჰემინგუეი გადამღებ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა, რომელიც მისი სცენარით გეგმავდა დოკუმენტური ფილმის ‘’ესპანეთის მიწის’’ გადაღებას, თუმცა ფრანკისტების სისასტიკით აღშფოთებული და რესპუბლიკელთა თავდადებით აღფრთოვანებული თავადაც ჩაება ბრძოლაში. სწორედ ესპანეთში მიღებული შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად რომანს ‘’ვისთვის რეკავს ზარი’’.
1941 წელს ერნესტმა კატარღა შეიძინა კუბის სანაპიროზე სათევზაოდ და რეკორდიც დაამყარა, როცა ერთ დღეში შვიდი მარლინი დაიჭირა. ნადავლის ზვიგენებისგან დასაცავად ჰემინგუეიმ მასიური ტყვიამფრქვევი მოათავსა კატარღაზე, რომელიც განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის წლებში გამოადგა, როცა კუბაზე ნაცისტი ჯაშუშების წინააღმდეგ წამოწყებულ კონტრდაზვერვის ოპერაციაში ჩაება და ნამდვილი ნადირობა გამოაცხადა გერმანელთა წყალქვეშა ნავებზე კარიბის ზღვაში.
ჰემინგუეის საყვარელი ქალაქი ყოველთვის პარიზი იყო, რომელსაც 1921 წელს ეწვია პირველად მეუღლესთან ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონთან ერთად. მრთალია, ახლად დაქორწინებულები ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერნესტი მაინც ბედნიერი იყო, რადგან ცნობილ ამერიკელ მწერალს, მოდერნიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს გერტრუდა სტაინს დაუმეგობრდა, რომელიც მის მასწავლებლად იქცა. სწორედ სტაინმა გააცნო ერნესტს ე.წ. ‘’მონპარნასის ბოჰემა’’ - მხატვრები პაბლო პიკასო, ჟოან მირო და ხუან გრისი, მწერლები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და ჯეიმს ჯოისი, რომელთაც ‘’დაკარგულ თაობა’’ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ‘’დაკარგული თაობის’’ ტერმინი, რომელიც ჰემინგუეიმ რომანში ‘’აღმოხდების მზე’’ გამოიყენა პირველად და ბევრმა მასვე მიაწერა ავტორობა, სინამდვილეში სწორედ სტეანისგან ისესხა, ვისთანაც სერიოზული შემოქმედებითი უთანხმოების შემდეგ ათწლეულების მანძილზე გააგრძელა ლიტერატურულ კამათი. პარიზულ პერიოდს მიეკუთნება ჰემინგუეის უბერებელი მოგონებების წიგნიც ‘’ განუყრელი დღესასწაული’’.
მართალია, მრავალრიცხოვანი რომანების წყალობით ჰემინგუეი მექალთანის რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ უპასუხისმგებლო, თავქარიან ურთიერთობას ყოველთვის ოჯახის შექმნა ერჩივნა, ამიტომ მისი გატაცება ხშირად ქორწინებით სრულდებოდა. მწერალს ოთხი მეუღლე და სამი ვაჟიშვილი ჰყავდა. სხვათა შორის, მისი შვილიშვილი იყო ცნობილი მსახიობი მარგო ჰემინგუეიც, რომელმაც 1996 წლის პირველ ივლისს ბაბუის გარდაცვალების წლისთავამდე ერთი თვით ადრე მასავით თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
მუშაობის დროს ჰემინგუეი, მეტწილად არაქისის პასტას და ბუტერბროდებს მიირთმევდა მოთუშული ხახვით, რადგან როგორც თვითონ ირწმუნებოდა, სწორედ ამგვარი საკვები ეხმარებოდა შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში. სხვათა შორის, მწერალი რომელსაც ძალიან უყვარდა გემრიელად მირთმევა, სერიოზულად იყო გატაცებული კულინარიით და არა მხოლოდ აქვეყნებდა საკუთარ რეცეპტებს, არამედ ამზადებდა კერძებს და აცხობდა გატაცებით, განსაკუთრებული პოპულარობით კი, მისი ვაშლის ღვეზელი სარგებლობდა, რომლის რეცეპტი ჰემინგუეის ფლორიდის მუზეუმშია გამოფენილი.
მართალია, არსებობს მოსაზრება თითქოს 1941 წელს ჰემინგუეიმ საბჭოთა კავშირის დაზვერვის სამსახურს მიმართა ‘’დახმარების სურვილით’’ და ‘’არგოს’’ კოდური სახელით ჩაირიცხა აგენტთა რიგებში, მაგრამ არ არსებობს მისი ჯაშუშობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, თუმცა საბჭოელები ხშირად აპელირებდნენ იმ მრავალრიცხოვანი შეხვედრებით, რომელთაც მწერალი 1950-იან წლებში მართავდა საბჭოთა აგენტებთან ლონდონსა და ჰავანაში.
სხვათა შორის, პარანოიით შეპყრობილი ჰემინგუეი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში როჩესტერში, მაიოს ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, დარწმუნებული იყო, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო დევნიდა. მეტიც, მწერალი ახლობლებთან ურთიერთობასა და კლინიკის ტელეფონით სარგებლობაზეც უარს ამბობდა და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ბიურო ყველა მის საუბარს უსმენდა. რა თქმა უნდა, აკვიატებული შიში მედიკოსებმა მწერლის შეშლილობად მიიჩნიეს და ელექტროშოკით გადაწყვიტეს მისი მკურნალობა, თუმცა, 2000-იანი წლების დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მიღების შემდეგ, როცა საიდუმლო მასალების გაცნობა გახდა შესაძლებელი, გაირკვა რომ ედგარ გუვერის განკარგულებით ფედერალური ბიურო მართლაც უთვალთვალებდა მწერალს და ყველა მის საუბარს იწერდა.
1961 წლის 2 ივლისს, მაიოს კლინიკის დატოვებიდან რამდენიმე დღეში, ჰემინგუეიმ კეტჩუმში, საკუთარ სახლში საყვარელი იარაღიდან - Vincenzo Bernardelli-ს მარკის ორლულიანი თოფიდან გასროლით დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. სხვათა შორის, დღეს აღნიშნული თოფის მოდელი სწორედ Hemingway-ის სახელს ატარებს.