Apple-მა უახლესი iPhone 15 უკვე წარადგინა. სმარტფონი ახალი მასალებითაა დამზადებული, აქვს გაუმჯობესებული კამერა და უფრო პროდუქტიულია. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს იქნება გასაღები ინერტულ ბაზარზე გაყიდვების ზრდისა. როგორც წინა შემთხვევაში, კომპანიამ ახლაც 4 ახალი მოდელი გამოუშვა: iPhone 15, 15 Plus, 15 Pro და 15 Pro Max. სამ მათგანზე ფასები არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად, საბაზისო მოდელის საწყისი ფასი $799 დოლარი იქნება. Pro ვერსიების ღირებულება $999-დან დაიწყება, თუმცა შარშანდელთან შედარებით $100-ით ძვირი იქნება Pro Max და მისი ფასი $1,199-დან დაიწყება. გადაცემა ,,მონეტიზაცია“ დაუკავშირდა ტექნიკის ქართულ მაღაზიებს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ახალი მოდელების გაყიდვა საქართველოში, დაახლოებით, 2 კვირაში, 28 სექტემბრიდან დაიწყება. ცნობისთვის, გასულ წელს, iPhone-ების გაყიდვით Apple-მა $205 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 52%-ია.