თურქეთში დაფუძნებული კრიპტობირჟის Thodex-ის დირექტორს, ფარუკ ოზერსა და მის პარტნიორებს 11 წლით პატიმრობა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა დამნაშავეებისთვის 40 წლით ითხოვდა თავისუფლების აღკვეთას, თუმცა სასამართლომ გარკვეულ ეპიზოდებში Thodex-ის მენეჯერები გაამართლა. საერთო ჯამში, თურქული კრიპტობირჟის ხელმძღვანელებს ბრალად ედებათ: თაღლითობა, ფულის გათეთრება, ანგარიშგების გაყალბება, მომხმარებლების მოტყუება, რისკების არასათანადოდ მართვა, თანხის მიტაცება და ქვეყნიდან უკანონოდ გაქცევა. 2017 წელს დაფუძნებული Thodex-ი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი კრიპტობირჟა იყო, რომელიც 2021 წელს გაქრა. კრიპტობირჟის ხელმძღვანელებმა მომხმარებლების კუთვნილი 2 მილიარდი დოლარი მოიპარეს და ქვეყნიდან გაიქცნენ. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ისინი ალბანეთში დააკავეს და პასუხისგებისთვის თურქეთის ხელისუფლებას გადასცეს. ბირჟის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კომპანია თაღლითური არ იყო. მისი განმარტებით, ჰაკერული შეტევის გამო ბირჟამ კოლაფსი განიცადა, მომხმარებლების თანხები კი ბირჟის ხელმძღვანელებმა დეპოზიტების გადასარჩენად გაიტანეს. რამდენად შესაძლოა, რომ სიმართლის მარცვალი იყოს მის ამ ნათქვამში, დასკვნა თქვენ, მაყურებელმა გამოიტანეთ, თუმცა, მოსამართლემ უკვე გამოიტანა დასკვნა.