როგორც აღმოჩნდა, ჰაიაო მიაძაკიმ კარიერის დასრულება ისევ გადაიფიქრა
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც რეჟისორის ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი როგორ ცხოვრობ? (ინგლისურენოვან სახელწოდებას ბიჭი და ყანჩა ჰქვია) აჩვენეს, Studio Ghibli-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯუნიჩი ნიშიოკა პრესას გაესაუბრა. ნიშიოკამ აღნიშნა, რომ რეჟისორი აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
"ამბობენ, ეს მისი უკანასკნელი ფილმი შეიძლება იყოსო, მაგრამ თვითონ ასე სულაც არ ფიქრობს", — განაცხადა ნიშიოკამ, — "ამჟამად იგი ახალი ფილმისთვის იდეებს ამუშავებს. ყოველდღე მოდის თავის ოფისში და ამას აკეთებს. ამ დროისთვის იგი კარიერის დასრულებას საერთოდ არ აპირებს, მუშაობას ძველებურად განაგრძობს".
აღსანიშნავია, რომ მიაძაკის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება აქამდეც არაერთხელ მიუღია, თუმცა, იმდენჯერვე გადაუფიქრებია. ბოლოს 2013 წელს გადაწყვიტა, რომ ფილმი The Wind Rises მისთვის უკანასკნელი ყოფილიყო. თუმცა, სამი წლის შემდეგ უკვე ზემოხსენებულ ფილმზე მუშაობა დაიწყო და 2021 წელს დაადასტურა, რომ კიდევ ერთი სურათის შესაქმნელად ბრუნდებოდა.