უახლესი სინგლის ვიდეორგოლისთვის, სახელწოდებით Angry, The Rolling Stones-მა ბილბორდების გაცოცხლება და ნოსტალგიური განწყობის გამოწვევა გადაწყვიტა. კინორეჟისორმა ფრანსუა რუსლემ კი, კრეატიულ სააგენტო Riff Raff-თან ერთად, სიმღერის ფონზე იდეალურად შეძლო ბენდის საკულტო წარსულის მაყურებლებისთვის შეხსენება.
ისტორია ათწლეულების წინ დაიწყო, ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს, როდესაც LA უზარმაზარი როკ-ბილბორდების სცენას წარმოადგენდა. ეს MTV-ის მუსიკალური კლიპების ეპოქამდე იყო — ინდუსტრიის დამოუკიდებელი არტისტები გიგანტურ, დროებით „ძეგლებს“ უდგამდნენ როკვარსკვლავებს. დღეს კი თითქმის ყველაფერი ციფრულ რეალობაზე გადაეწყო, მეტი ყურადღება სოციალურ მედიასა და სხვა ციფრულ არხებზე მორგებულ რეკლამებს ეთმობა. ამ ტენდენციის საპირისპიროდ, აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას, რეჟისორმა წარსულში გვამოგზაურა — ბილბორდების ხელოვნება მთელი თავისი დიდებით დააბრუნა და ასე აღნიშნა The Rolling Stones-ის ბრწყინვალე წარსულიც, რომელიც ახლაც გრძელდება.
„ყოველთვის მინდოდა ასეთი ვიდეორგოლის გადაღება და საგულდაგულოდ ვინახავდი იდეას, ვიდრე Angry-ის მსგავსი სიმღერა გამოჩნდებოდა“, — აღნიშნავს ფრანსუა. აღსანიშნავია, რომ რუსლემ 109 ბილბორდის შექმნაზე თავად იზრუნა. მისი თქმით, ამის გაკეთება არც ისე რთული იყო, რადგან როცა კარგი იდეა გაქვს, მის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებ…