მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია აქციას მართავდა, ერთი პირი დააკავეს.
აქციის მსვლელობისას ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტზე წარწერის გაკეთება სცადა, რა დროსაც, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
„ამ წარწერით ირაკლი ღარიბაშვილს უნდა შევახსენოთ, რომ ის არის რუსი“, - განაცხადა ნარმანიამ, რა დროს, ის პოლიციელებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნჰენში ჩარტერული რეისით გაფრენას აპროტესტებდნენ.