11 სექტემბრის ტრაგედიიდან, რომელსაც 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 22 წელი გავიდა. 2001 წელს ტერორისტული დაჯგუფების, "ალ-ქაიდას" 19-მა წევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ტერორისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მესამე ლაინერი კი პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა. მეოთხე თვითმფრინავში მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. 11 სექტემბრის ტრაგედიას იხსენებენ დაღუპულთა ოჯახები. შეერთებული შტატების ლიდერებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი 22 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.