ესტონეთი აპირებს, წლის ბოლომდე გახდეს ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად სანქცირებული აქტივების ჩამორთმევას დააკანონებს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ Bloomberg-ს განუცხადა. მისი თქმით, ესტონეთის მთავრობა შესაბამის კანონპროექტს ორი კვირის ვადაში დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის პარლამენტს წარედგინება. „ეს რუს ოლიგარქებსა და რუსეთის სახელმწიფოს ნამდვილად დააზარალებს,“ - აცხადებს მინისტირი. Bloomberg წერს, რომ ინიციატივა შესაძლოა, შეეხოს, დაახლოებით, 35 მლნ ევროს ღირებულების აქტივებს, რომლებსაც ესტონეთში რუსული საწარმოები ფლობენ. ცნობისთვის, ევროკავშირს რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 200 მლრდ ევროს აქტივები აქვს გაყინული და ევროპელი ლიდერები უკრაინის აღდგენისთვის ამ თანხის ნაწილის გამოყენებას ითხოვენ.