რაგბის მსოფლიო თასზე 10 სექტემბერს სამი შეხვედრა გაიმართა. სათამაშო დღის ბოლო მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეტოქეები, უელსისა და ფიჯის ნაკრებები შეხვდნენ. თამაში უელსის გამარჯვებით დასრულდა – 32:26.
გუნდებმა გულშემატკივრებს საკმაოდ სანახაობრივი რაგბი შესთავაზეს. საწყის რვა წუთში უელსელები ბიგარის ჯარიმითა და ადამსის ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც ფიჯელლებმა სწრაფად უპასუხეს და ნაიკალევუმ და ტაგიტაგივალუმ ოთხწუთიან მონაკვეთში ორი ლელო დადეს, რომლებიც ლომანიმ ზუსტად გარდასახა და ფიჯი დაწინაურდა – 14:8
უელსელებმა აქტიურად განაგრძეს თამაში. ბიგარმა ჯერ ჯარიმით შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი ნორსის ლელო ზუსტად გარდასახა და პირველი ტაიმი უელსელებმა 18:14 მოიგეს.
მეორე ტაიმის სტარტზე უელსის უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა – რის-ზამიტმა ლელო დადო, ბიგარი გარდასახვისას ზუსტი იყო – 25:14.
შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე უელსელებმა ფიჯელთა ჩათვლის მოედანში მეოთხე ლელოც დადეს – თავი ელიოტ დიმ გამოიჩინა და თავის გუნდს ბონუსქულაც მოუტანა.
მატჩის ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. ფიჯელებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს, ეგრეთ წოდებულ „გაწითლებულ დროში“ ახლოს იყვნენ მეხუთე ლელოს დადებასთან, მაგრამ უელსელებმა მოახერხეს თავის დაცვა და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა – 32:26. ფიჯის ნაკრებმა კი ბონუსქულა მოიპოვა ოთხი დადებული ლელოსთვის და სანუგეშო ქულა შვიდ ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის.