5-წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის ღია პირველობაზე ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფი შედგა. ტურნირის ფინალში ლეგენდარულმა სერბმა რუს დანიილ მედვედევს შანსი არ დაუტოვა, თუ არ ჩავთვლით, მეორე სეტს, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა.
ჯოკოვიჩმა მეტოქე თავიდანვე დაჯაბნა. ნოლემ პირველი სეტი ანგარიშით 6:3 მოიგო, რისთვისაც ერთადერთი ბრეიკი საკმარისი აღმოჩნდა, რომელიც სეტის მეორე გეიმში გაახერხა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
მეორე სეტში მედვედევმაც მაგრად იბრძოლა და ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებებზე უშეცდომონი იყვნენ, შედეგად ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც სერბმა მოიგო ანგარიშით 7:5 და გამარჯვებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.
ეს ჯოკოვიჩის მეოთხე ჩემპიონობაა ამერიკის ღია პირველობაზე, დიდი სლემის ტურნირი კი კარიერაში 24-ედ მოიგო. ნოლემ წელს 4-დან სამი დიდი სლემი მოიგო, მხოლოდ უიმბლდონზე ვერ შეძლო ჩემპიონობა, სადაც კარლოს ალკარასთან წააგო ფინალი.
აღსანიშნავია, რომ ნოლემ დიდი სლემის 24-ე ტიტული კობი ბრაიანტს მიუძღვნა - გამარჯვების შემდეგ მან ლეგენდარული კალათბურთელის 24-ნომრიანი მაისური გადაიცვა...