მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 1 400-ზე მეტ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს. ყველაზე დიდი მსხვერპლი მარაკეშის სამხრეთით მდებარე პროვინციებში ფიქსირდება. მიწისქვეშა ბიძგების შიშით, ათასობით ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ, ქუჩებში ათენებს. წუხელ, მაროკოს მეფემ მუჰამედ VI-მ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დროშები ყველა საჯარო შენობაზე დაშვებულია. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით დაფიქსირდა.