“დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმეს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა. ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში არ შესულა რუსეთის ქმედებების დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ნიუ-დელიში „დიდი ოცეულის“ სამიტი 10 სექტემბერს დასრულდება. ორგანიზაციას ამიერიდან ახალი წევრი - „აფრიკის კავშირი“ შეუერთდება. ორგანზიაცია აფრიკის კონტინენტის 54 სახელმწიფოს აერთიანებს. „დიდი ოცეულის“ სამიტს ჯო ბაიდენი, ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი, რიში სუნაკი და მსოფლიოს სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.