საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს.
მანამდე ჯოზეფ ბორელი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში მყოფ ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა. კერძოდ, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, ხალხის ძალის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი, პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი, „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, „ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე, „ლელოს" წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „მოქალაქეების“ წევრი ალექსანდრე ელისაშვილი. დღეს დილით კი ჯოზეფ ბორელმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ. პირველი განცხადებები ევროკომისარმა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.