2023 წლის ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ მსოფლიოში 16,77 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ნორმაზე 0,66 გრადუსით მაღალია. მონაცემებს ევროპის კლიმატის ცვლილების კონტროლის სამსახური „კოპერნიკი“ აქვეყნებს. ახალი მონაცემების თანახმად, წლევანდელი ზაფხული მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. აგვისტოში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ ამ თვის რეკორდს 0,31 გრადუსით გადააჭარბა, თუმცა წლის ყველაზე ცხელი თვე ივლისი გახდა. ამასთან, მეცნიერებმა დააფიქსირეს ანომალიურად მაღალი ტემპერატურა ოკეანეებში, სადაც წყლის ზედაპირი საშუალოდ 20,98 გრადუსამდე გათბა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ტემპერატურის მატებას ნალექის რაოდენობაზეც ჰქონდა გავლენა. ამგვარად, დასავლეთ ევროპის, აშშ-ის, აზიის, ჩილეს, ბრაზილიის, თურქეთისა და ავსტრალიის დიდ ნაწილებში ნალექის რაოდენობამ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.