ზამთარში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ან ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობის გამო შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდეს. ამას გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები. საკანონმდებლო წინადადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და მისი განხილვა პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. კერძოდ, როგორც უწყების ინიციატივაშია აღნიშნული, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება მძღოლის ვალდებულება, მოლიპულ გზაზე მოძრაობისას იქონიოს ზამთრის საბურავები ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აღნიშნული რეგულაციის არარსებობა კი გზის ცალკეულ მონაკვეთებზე იწვევს როგორც მოძრაობის შეფერხებას, ისე ზრდის სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სავალდებულო იქნება ზამთრის პერიოდში ცალკეულ ზონებში, გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას, სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილი იქნება მძღოლს შეუზღუდოს განსაზღვრულ გზის მონაკვეთებზე ავტომობილით გადაადგილება.