საქართველოში მშენებლობა გაძვირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა. ქვეყნის მთავარი მთვლელის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობაზე დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდით, რომელიც დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და ჯამური ინდექსის ცვლილებაში 1.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა. საქასტატში მშენებლობის ღირებულების ინდქსი 2022 წლის თებერვალსაც შეადარეს. აღმოჩნდა, რომ თებერვალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 9.7 პროცენტით გაიზარდა. აქაც, ინდექსის მთავარი ზრდის მიზეზი დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა აღმოჩნდა - 26.1 პროცენტით და ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობის გაძვირებაში სამშენებლო მასალების ფასის ზრდამ შეიტანა.