შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ. ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს.
„პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულის გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად, 40 დღის განმავლობაში განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ. ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა. კერძოდ, ის რეალიზაციის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან" მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი" იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი „მეტადონის“ ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.
პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, „შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" დალუქა.
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.