საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ქუთაისში გიბრალტარს დაუპირისპირდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო – 2:0.
რამაზ სვანაძის გუნდი პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებმა მე-10 წუთზე ორჯერ სცადეს გიბრალტარის კარის აღება, მაგრამ სტუმართა მეკარემ კარგად ითამაშა, თუმცა მეტოქის კარზე ზეწოლამ შედეგი გამოიღო, საბა ხვადაგიანის გრძელი გადაცემით, თავი ოთარ მამაგეიშვილმა გამოიჩინა, ნახევარმცველმა მცველი ელეგანტური მოძრაობით ჩამოიშორა და ანგარიში გახსნა. ზუსტად ექვს წუთში ქართველებმა კიდევ ერთი კარგი კომბინაცია გაითამაშეს. კვერნაძის ეფექტური გადაცემის შემდეგ ზურაბ რუხაძემ ბურთი ფლანგზე მიიღო და ზუსტად ჩააწოდა, რასაც ვასილიოს გორდეზიანი გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ტაიმი საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრაში, 12 სექტემბერს, კიშინეუში, მოლდოვას დაუპირისპირდება.