დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Sky News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, შესაბამისი ბრძანებულების პროექტს, რომელიც დაჯგუფების აკრძალვას გულისხმობს, ქვეყნის პარლამენტი დღეს განიხილავს.
„ბრძანებულების თანახმად, რუსულ დაჯგუფებაში წევრობა ან მისი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიაზე 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ასევე „ვაგნერის“ აქტივები, შესაძლოა, ტერორისტული ქონების კატეგორიას განეკუთვნოს, მათი შემდგომი კონფისკაციით“, - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„ვაგნერი” - ძალადობრივი და დესტრუქციული ორგანიზაციაა, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო იარაღად გამოიყენება. სანამ პუტინის რეჟიმი ფიქრობს იმაზე, თუ რა მოუხერხოს მონსტრს, რომელიც შემქმნელი თვითონაა, ამ კომპანიის მუდმივი მადესტაბილიზებელი საქმიანობა კვლავ ინერციით კრემლის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ისინი ტერორისტები არიან, ეს მარტივია და გასაგებია", - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა, სუელა ბრავერმანმა.
შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფებამ, მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვამდე, შესამჩნევი როლი ითამაშა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. ის ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სირიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანში და ლიბიაში არსებულ კონფლიქტებში.