ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა. ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს იმის საშუალება, რომ თავისი აქტივიზმით საქართველოს მომავლის განვითარებაში წვლილი შეიტანონ. კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან. რაც შეეხება იმას, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ „საქართველოს ევროპული ორბიტა“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ იგეგმება და განმარტავს, რომ თავადაც სამომავლო გეგმები აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით აქვს.