რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი აცხადებს, რომ სცენარისტთა გაფიცვის დასრულებამდე ახალ პროექტზე არ იმუშავებს.
ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა სამ თვეზე მეტია გრძელდება. ახლახან სცენარისტების პროტესტს მსახიობებიც შეუერთდნენ. მათ შორის, ნოლანის ფილმ ოპენჰაიმერის მსახიობებიც არიან, მათ რეჟისორმაც დაუჭირა მხარი.
"რა თქმა უნდა, მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მიხვდეს, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისა და ჰოლივუდის ურთიერთობაში. ეს ჩემს დასაქმებულ მსახიობებს ეხებათ. ეს ეხებათ სცენარისტებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ოჯახი არჩინონ", — აცხადებს ნოლანი.
რეჟისორის თქმით, გაფიცვა არავის ეხალისება, თუმცა ზოგიერთ სიტუაციაში ეს აუცილებელია და ახლაც მსგავსი მომენტი დგას. ნოლანი ამბობს, რომ გაფიცვის ფონზე უამრავი ადამიანი იტანჯება, რადგან ბევრმა უკვე თვეებია სამსახურზე უარი თქვა.
გაფიცულები შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ითხოვენ, კერძოდ, საბაზისო ხელფასისა და ციფრულ პლატფორმებზე მათი ფილმების ჩვენების ანაზღაურების გაზრდას. გარდა ამისა, გაფიცული მსახიობები იმის გარანტიებს ითხოვენ, რომ სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერით გენერირებული ხმა და სახე ფილმებში მათ ჩასანაცვლებლად არ იქნება გამოყენებული. სანამ გაფიცვა არ დასრულდება, სცენარისტები და მსახიობები მიმდინარე პროექტებზე მუშაობას წყვეტენ.