ავტომობილებისა და ელექტრომოწყობილობების მსგავსად, საქართველოდან თურმე პომიდვრის რეექსპორტიც გაიზარდა, თანაც 5,5-ჯერ. უფრო კონკრეტულად, თუ 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან რეექსპორტზე დაახლოებით 274 ათასი დოლარის ღირებულების 241 ტონა პომიდორი გავიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რამაც მოცულობაში ათას ტონას გადააჭარბა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, წელს რეექსპორტი ძირითადად სომხეთსა და რუსეთში განხორციელდა. რეექსპორტის ზრდის გამო, მოიმატა ქვეყანაში პომიდვრის იმპორტმაც. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი პომიდორი შემოვიდა, სულ ჯამურად 19 392 ტონა. მთავარი იმპორტიორი კი, როგორც გასულ წელს, 2023-შიც თურქეთი იყო.