მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის დეპუტატები, განსაკუთრებით კი ოპოზიციური ფლანგიდან ხშირად მიმართავენ საჯარო უწყებებს სადეპუტატო შეკითხვებით. ამჯერად, ოპოზიციის ინტერესის საგანი გახდა თუ რამდენმაუცხოელმა მიიღო საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა საქართველოში. როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ რომან გოცირიძისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, საქართველოში 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 1 537 საინვესტიციო და 21 197 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცა. ცნობისათვის, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის უფლებას იღებს ის უცხოელი, რომელიც ქვეყანაში 300 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული ნორმა ქვეყანაში 2019 წლიდან მოქმედებს, მანამდე კი ამ ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო იყო 300 000 ლარის ინვესტიცია. ამასთან, 2019 წლიდან აღნიშნული ნებართვის გაცემა შესაძლებელია მაშინაც, თუ პირი საქართველოში ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში. შესაბამისად, 2019 წლის 5 ივლისამდე 300 000-ლარიანი ინვესტიციის სანაცვლოდ სულ 566 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა, ხოლო ცვლილებების შემდეგ - 971 ნებართვა. რაც შეეხება მოკლევადიან ბინადრობის ნებართვებს, ამ ნებართვის მოსაპოვებლად აუცილებელია ქვეყანაში უცხოელი ფლობდეს 100 000 დოლარის ღირებულების ქონებას. მანამდე ეს ნორმა მხოლოდ 35 000 დოლარის ქონების ღირებულებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, 2015 წლის 15 ივნისიდან 2019 წლის 5 ივლისამდე 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების სანაცვლოდ, გაიცა 10 595 ნებართვა, 2019 წლის 5 ივლისიდამ 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით კი 10 602 ნებართვა. თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის უფლებები.