„მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბი, ანტონი სექტემბრის მატჩებზე ბრაზილიის ნაკრების განაცხადიდან გაიყვანეს. ფეხბურთელი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გამოძახებული იყო - მისი ქვეყნის გუნდი ბოლივიისა და პერუს ნაკრებებს ხვდება. ანტონი ეჭვმიტანილია ოჯახურ ძალადობასა და ყოფილი შეყვარებულის მიმართ მუქარაში. მანჩესტერის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის ნაცვლად ნაკრებში „არსენალის“ ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი ჩავა.
განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ანტონის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ფაქტების გამო მიიღეს. ფედერაციის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებას საჭიროებს, ასევე სავარაუდო მსხვერპლის დაცვის მიზნით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იტყობინება, რომ ფეხბურთელი გარიცხულია შემადგენლობიდან.
ამა წლის ივნისში ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა, გაბრიელა კავალინმა სან პაულუს პოლიციას მიმართა. მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ძალადობაში, მუქარასა და ფიზიკური ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.
ასევე, გოგონამ გაიხსენა ინციდენტი, რომელიც 2023 წლის 15 იანვარს მოხდა. მაშინ ფეხბურთელმა ეჭვიანობის ნიადაგზე მკერდის არეში ხელი ჩაარტყა გაბრიელას, რომელსაც სილიკონის იმპლანტის შეცვლის ოპერაცია დასჭირდა. ძალადობის ბოლო შემთხვევა 8 მაისს იყო. ქალი აცხადებს, რომ ანტონიმ ჭიქა ესროლა, მან ხელი დაუხვედრა და თითზე ღრმა ჭრილობა მიიღო. აღნიშნავენ, რომ ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ ბრიტანეთის პოლიციასაც მიმართა განცხადებით.