პოპულარულ სერიალ Sex and the City-ის გაგრძელებას, And Just Like That-ს მესამე სეზონი დაუმტკიცდა. სერიალში მთავარი პერსონაჟები წლების შემდეგ ბრუნდებიან და ვხედავთ, როგორ შეიცვალა შარლოტას (კრისტენ დევისი), კერისა (სარა ჯესიკა პარკერი) და მირანდას (სინტია ნიქსონი) ცხოვრება.
სარა ობრიმ, კომპანია Max Original-ის კონტენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ And Just Like That კომპანიის ყველაზე ნახვადი სერიალი გახდა და მესამე სეზონის გადაღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.
"ძალიან გვინდა, რომ Sex And The City-ის სამყაროში კიდევ უფრო მეტი დრო გავატაროთ და ამ საოცარი პერსონაჟების ისტორიები მოგიყვეთ, რომელთა როლსაც შესანიშნავი მსახიობები ასრულებენ. სწორედ ასე (And Just Like That), მესამე სეზონი მოდის", — აცხადებს სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი მაიკლ პატრიკ კინგი.
სერიალის მეორე სეზონის ფინალი 24 აგვისტოსაა დაგეგმილი, სადაც მეოთხე მთავარი გმირის, სამანტას დაბრუნებასაც ვიხილავთ, თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ის მხოლოდ ერთ სცენაში გამოჩნდება. მეორე სეზონში ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს გრეის ანატომიის ვარსკვლავი სარა რამირეზი ასრულებს.
Sex and the City-ის სერიალი 2004 წელს დასრულდა, მასზე გადაღებული მეორე ფილმი კი 2010 წელს გამოვიდა. And Just Like That ჩვენი საყვარელი გმირების ცხოვრების შესახებ ამჯერად 50 წელს გადაცილებული ქალების პერსპექტივით გვიყვება.