უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე, დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით სამხედროები მოინახულა.
"დონეცკის ოლქი. ვსტუმრობთ საბრძოლო ბრიგადებს, რომლებიც ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის, "დონეცკის" შემადგენლობაში უკრაინას იცავენ. დღეს 8 ბრიგადაა. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მაგრამ ყველა ძლიერია! მადლობა იმ შედეგებისთვის, რასაც ყოველდღიურად აძლევთ ჩვენს ქვეყანას, მეომრებო!", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ის სამხედროებიც მოინახულა, რომლებიც ქვეყანას ზაპოროჟიეს მიმართულებით იცავენ.
"ზაპორიჟიეს მიმართულება. საბრძოლო ბრიგადების სამეთაურო პუნქტები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული აგრესიის მოგერიებაში. 148-ე ცალკე საარტილერიო ბრიგადა, 82-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადა, 71-ე ბრიგადა. მადლობა უკრაინის გამარჯვების გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯისთვის!"- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ სამხედროებს ჯილდოებიც გადასცა.