მაქს ფერსტაპენმა და რედ ბულმა ფორმულა 1-ის რეკორდები დაამყარეს!
ნიდერლანდელმა პილოტმა მაქს ფერსტაპენმა იტალიის გრანპრი მოიგო, რომელიც სეზონში მე-12 და ზედიზედ მე-10 გამარჯვება გამოდგა. ზედიზედ მოგებული რბოლების მაჩვენებლით, მაქსმა სებასტიან ფეტელს გადაასწრო და სპორტის ამ სახეობის რეკორდსმენი გახდა. აღსანიშნავია რედ ბულის მიღწევა - ის ფორმულა 1-ის პირველი საჯინიბო გახდა, რომლის პილოტებმაც ზედიზედ 15 (13 ფერსტაპენი, 2 სერხიო პერესი) გრანპრი მოიგეს.
რბოლა პოლ პოზიციაზე ფერარის პილოტმა, კარლოს საინსმა დაიწყო, მაგრამ ლიდერობა ფერსტაპენმა საკმაოდ მალე ჩამოართვა. რედ ბულის ბოლიდებს რომ კონკურენტი არ ჰყავს, ეს მონცაშიც გამოჩნდა - ფერსტაპენი და პერესი პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ, ხოლო მესამე პოზიციისთვის ერთმანეთს ფერარის პილოტები - საინსი და შარლ ლეკლერი ებრძოდნენ. მონაკოელს ისე უნდოდა პოდიუმზე ასვლა, რომ რბოლის ბოლო წრეზე არ გაითვალისწინა საჯინიბოს მითითება და გუნდელს შეუტია - ფერარი შეჯახებასა და სკანდალს გადაურჩა, მესამე ადგილზე, კი საინსი გავიდა. მეოთხე პოზიცია შარლ ლეკლერს ხვდა წილად, რომელმაც მერსედესის პილოტებს - ჯორჯ რასელსა და ლუის ჰემილტონს გაასწრო.
საერთო ჩათვლად უდიდესი უპირატესობით მაქს ფერსტაპენი ლიდერობს, რომ 364 ქულა აქვს. მეორე პოზიციაზე ნიდერლანდელის თანაგუნდელი, სერხიო პერესია 2019 ქულით. მესამე ადგილზე 170 ქულით ფერნანდო ალონსო გახლავთ, რომელიც ლუის ჰემილტონს 6 ქულით უსწრებს.