„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში მათი პარტიის წევრებს „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები დაესხნენ თავს. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. ხაბეიშვილმა საერთაშორისო დიპლომატებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება ოპონენტებზე ძალადობით რუსულ დავალებას ასრულებს.