სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. დაპირისპირება სოტკის სექტორში მოხდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქელბაჯარის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე, სომხური შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ვითარებას ამძიმებენ. მათივე ინფორმაციით, სომხური მხარე დამატებით სამხედრო ტექნიკას აგროვებს და ბასარკეჩარის რაიონში განლაგებულ პოზიციებზე ადამიანურ ძალას ზრდის. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური დრონით თავდასხმის შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. მათივე თქმით, სომხებმა შეტევები ქელბაჯარისა და ვარდენისის რაიონებში განახორციელეს.