ცესკო ამომრჩევლებს სიაში თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა. გორის, კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დღეიდან დაიწყეს. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 133 საარჩევნო უბანია გახსნილი და კომისიების წევრებმა კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულება უკვე დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი საქმიანობა, რომელსაც ისინი დღეიდან განახორციელებენ, ამომრჩეველთა ინფორმირებაა. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და ამომრჩევლებს მიაწვდიან ინფორმაციას ხმის მიცემის პროცედურების, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული სერვისების და სიაში თავის გადამოწმების შესახებ.