საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს, თბილისში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.
ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია. ესპანური ლევანტეს პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და დინამო თბილისის 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.
წინა შეკრებასთან შედარებით, ნაკრების სიაში 8 ფეხბურთელი არ არის: გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), ჯიმი ტაბიძე (დინამო თბილისი), ლევან შენგელია (პანეთელიკოსი), გიორგი ქვილითაია (აპოელ), ტრავმის გამო კი გუნდს ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, ტრავმა აქვს) და ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, ტრავმა აქვს) ვერ დაეხმარებიან.
ასევე შეიკრიბება საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, რომლებიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებენ ასპარეზობას. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის, ხოლო მეორე ტურის მატჩში - 12 სექტემბერს კიშინიოვში, მოლდოვას დაუპირისპირდება.
შესარჩევი ციკლის პირველი და მეორე ტურებისთვის მზადებას, 21-წლამდე ნაკრები 2 სექტემბერს დაიწყებს, ხოლო 8 სექტემბერს მოლდოვაში გაემგზავრება. აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაშ არაერთი დებიუტანტია, მათ შორის კი განსაკუთრებით საინტერესო ორი ახალგაზრდაა, ირაკლი ეგოიანი, რომელიც ამჟამად ტვენტეში ირიცხება და ვასილიოს გორდეზიანი, რომელსაც დედა ბერძენი ჰყავს, ხოლო მამა ქართველი, ის საბერძნეთში გაიზარდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში თამაშს მარტივად დათანხმდა. როგორც ის ინტერვიუებში აღნიშნავს, თავს ქართველად მიიჩნევს და არ განიხილავდა სხვა ნაკრებში თამაშს. გორდეზიანი პაოკის ფეხბურთელია.