ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების დაჩქარების ვარიანტები განიხილოს.
კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა იმით, რომ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების ნელი პროგრესით მიმდინარეობს, ბორელმა უპასუხა, რომ ევროკავშირი განიხილავს სლოვაკეთის წინადადებას მოძველებული ჭურვების მოდერნიზაციის შესახებ.
"თუ წევრ ქვეყნებს არ შეუძლიათ თავიანთი მარაგებიდან მეტის მიწოდება, ეს მხოლოდ სტიმულია მათთვის, რომ გაზარდონ წარმოების შესაძლებლობები და გააკეთონ ეს უფრო სწრაფად და უკეთ,“ - აღნიშნა ბორელმა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ადრე აღნიშნა, რომ წევრმა ქვეყნებმა, ერთობლივად, თავიანთი მარაგებიდან, დაახლოებით 224 000 საარტილერიო ჭურვი და 2 300 რაკეტა გამოყვეს, ხოლო სხვა გზებზე მუშაობა, როგორიცაა კერძო საწარმოებთან კონტრაქტები და შიდა წარმოების გაფართოება, გრძელდება.