შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა. სახელმწიფო მინისტრმა, თამარაშვილის ხეივანში არსებულ მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ღონისძიებას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.